განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელსაც მოუმზადებელი ხვდება - თბილისში 40-მდე სკოლა ისევ უსასრულოდ რემონტდება
განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელსაც მოუმზადებელი ხვდება. ათასობით მოზარდი საკუთრის ნაცვლად ისევ სხვის სკოლაში მივა. მიზეზი გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თბილისში 40-მდე სკოლა ისევ უსასრულოდ რემონტდება.
ყველაზე რთული ვითარება ნაძალადევის რაიონშია. მშობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი წელსაც ვერ განახლდება. ზოგიერთი შენობა სრულად დაანგრიეს, ახლის აშენების ნაცვლად კი ადგილი საპარკინგე სივრცედ არის გადაქცეული. მოზარდების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებით, უკმაყოფილოები არიან მშობლები.
ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძის თქმით, "ქართული ოცნება" ვერ ზრუნავს სკოლის მოსწავლეებზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე.
ნადირაძის განცხადებით, მშობლების დიდ ნაწილს საშუალება არ აქვს ბავშვი სხვა რაიონში ატაროს.
ერთი პრობლემაა და ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება და ქართული ოცნება ვერ ზრუნავს ამ ადამიანებზე, ვერ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათ დასაქმებაზე, ნორმალურ სოციალურ ეკონომიკური გარემო, რომ შექმნას ქვეყანაში და მეორეა, საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ არის მზად, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაახვედროს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დადიანის ქუჩაზე, აქ იყო მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს იმ პირობით, რომ თანამედროვე ევროპული ტიპის საჯარო სკოლა უნდა აშენებულიყო, მაგრამ გასულია რამდენიმე წელიწადი, აქ თითი თითზე არ არის დადებული და რა მდგომარეობაშია ტერიტორია, როგორ არის აქ გაჩანაგებული მდგომარეობა, ამოსული ბალახები, ნაგავსაყრელად არის ქცეული ამას ყველა ერთად ვხედავთ, ეს არ არის ერთადერთი სკოლა, ერთადერთი ტერიტორია. მარტო ამ ქუჩის გაყოლებაზე, ამ რაიონში 5 სკოლა არის დანგრეული და მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვები ატარონ თავისივე რაიონში და გადანაწილებული არიან სხვადასხვა სკოლებში", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.