ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის წარმომადგენლები შეუშვეს

04.06.21 10:28
ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის წარმომადგენლები შეუშვეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი გააგზავნა. სპეციალურმა ჯგუფმა პანსიონში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. არსებული ინფორმაციით, დამკვირვებლები პანსიონში შესაძლოა, ღამითაც დარჩნენ. 

რეგულირების სააგენტოს თანამშრომელი ამბობს, რომ  სპეციალური ჯგუფი იქ ბოლოს 2018 წელს იყო. მისი თქმით, მაშინ მათ ადგილზე 25-მდე დარღვევა გამოავლინეს.  სააგენტოს თანამშრომელი ასევე ამბობს, რომ მონიტორინგი პანსიონში წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. შეკითხვას, რატომ არ იმყოფებოდა სამ წელზე მეტი სპეციალური ჯგუფი პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ პასუხობს. 

ჩამოვედით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლოთ სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. ბოლოს შემოწმდა 2018 წელს. ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ, გვაქვს კანონით მინიჭებული დაწესებულების სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება, მაგრამ თუკი გამოჩნდება რაიმე მითიტება, ან ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესაძლოა, დაირღვეს სალიცენზიო პირობები, ჩვენ ვახდენთ ხოლმე რეაგირებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება და მიეცემათ გამოსასწორებელი ვადა, - ამბობს სააგენტოს თანამშრომელი.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელმა ასევე ის ხარვეზები დაასახელა, რომელიც მათ 2018 წელს პანსიონის მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს. 

ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, არ ხდებოდა 12 თვეში ერთხელ 12 დღიან აგარაკზე გაყვანა ბავშვების და საკვების მენიუში, სადილში, არ იყო 3 კომპონენტიანი სადილი. აი, ეს დარღვევები იყო, - ამბობს თანამშრომელი. 

მონიტორინგის შედეგად ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებლები შენიშვნებს ჩამოწერენ და პანსიონის ხელმძღვანელობას ამ ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრულ ვადას მისცემენ. აღნიშნული ვადის შემდეგ თუკი პრობლემები აღმოფხვრილი არ იქნება, ბავშვთა სახლი ფუნქციონირებას შეწყვეტს.