"გადაუდებელი მოქმედებების ჩატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება" - იურისტები ფარცხალაძეზე

15.09.23 17:25
"გადაუდებელი მოქმედებების ჩატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება" - იურისტები ფარცხალაძეზე

საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია გამოძიებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ ჩაატაროს გადაუდებელი მოქმედებები ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაზე, რათა  არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება.

თოლორაია საუბრობს ჩხრეკაზე, ამოღებებზე, ინტერნეტ-ტრაფიკის შემოწმებასა და სატელეფონო საუბრების მოსმენაზე.

ეს არ არის საქმე, რომელსაც საგამოძიებო ორგანო, მაგალითად გამოკითხვებით შეძლებს რაიმე დეტალის დადგენას. ამაზე საფუძვლიანი გამოძიებაა ჩასატარებელი, რაც გულისხმობს გადაუდებელი მოქმედებების ჩატარებას იმისთვის, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ჩხრეკის, ამოღების და დათვალიერების ჩატარება. ამაში მათ შორის იგულისხმება ინტერნეტ-ტრაფიკის შემოწმება, სატელეფონო საუბრების მოსმენა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.  ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კი ე.წ. შესწავლის ფარგლებში არ ხდება. ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას სჭირდება გამოძიების ჩატარება, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ამ ფაქტზე ვერ ვხედავთ და რაც არის სწორი სამართლებრივი გზა". - ამბობს ლონდა თოლორაია. 

იურისტი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმე შეიცავს არაერთი დანაშაულის ნიშანს და მისი თქმით, ჯაშუშობისა და ეფესბესთან თანამშრომლობის გარდა, საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებითაც.

ინფორმაცია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელდა შეიცავს არაერთი დანაშაულის ნიშანს. იქნება ეს ჯაშუშობა, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურში შესვლა თუ ა.შ. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს გამოძიება ერთი და  მეორე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.  გამოძიება უნდა აწარმოოს არა მხოლოდ სუს-მა, არამედ გენერალურმა პროკურატურამაც. უნდა ჩატარდეს ჩხრეკები, ამოღებები და უნდა მოხდეს მათი დაკითხვა". - ამბობს ბასილაია.

სანქცირებული ფარცხალაძის საქმის შესწავლა სუს-მა დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მოკვლევა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მიდის. 

ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია. ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. 

მსგავსი სიახლეები