საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე რუსულ ტყვეობაში რჩება
სოფელ ოძისიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე რუსულ ტყვეობაში რჩება. კოლია კალაშნიკოვი რუსმა ფორმიანებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს აიყვანეს. შუა ხნის კაცი, არსებული ცნობებით, დუშეთის რაიონში მუშად იყო დასაქმებული. ის ახლა სავარაუდოდ ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დაბა აგარის მკვიდრია.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხალხის გატაცებები ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავის აგრესიას. გრძელდება გატაცებები და ბორდერიზაცია. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი მოქალაქე მალე დაუბრუნდა თავის ოჯახს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ნახეთ, რომ ჩვენს 2 მოქალაქეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რითაც ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ სიტუაციაში ისინი არიან ბატონ-პატრონები". - ამბობს ქაცარავა.