კაცი, რომელმაც დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია
კაცი, რომელმაც თბილისის ცენტრში ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ოფიციალურად ადასტურებს.
ოფიციალურად დადასტურდა "პირველებისთვის" გუშინ მიწოდებული ინფორმაციაც, რომ დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელიას განცხადებით, ბრალდებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მან ორმაგი მკვლელობის შემდეგ ტყვია თავში ისროლა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - თქვა კვარაცხელიამ.
მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, კაცი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.