ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტების დამზადება - ბრალდებული სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორია

07.06.21 10:03
ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტების დამზადება - ბრალდებული სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორია

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ქ. ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები,  საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს. 
გამოძიების პროცესში, მოტყუებით დაუფლებული ერთი მიწის ნაკვეთი დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე დაყადაღებულია,
- წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები