მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

07.06.21 17:48
მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

გარდაცვლილი მედდის ოჯახი ექიმებისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ. მეგი ბაქრაძის მეუღლე, მანუჩარ კობახიძე,  ამ წუთებში  პოლიციის განყოფილებაში საქმის გამომძიებელს ხვდება. კობახიძეს აინტერესებს, რატომ ვერ მოხდა აქამდე მედიკოსებისთვის ბრალის დამძიმება და რატომ იწელება გამოძიება.

10 კვირაა გასული და პასუხი არ არის, დღეს მივედი ახალციხის პოლიციაში და იქაც არაფერი იციან. ხან იქით მაგზავნიან, ხან აქეთ, როდის უნდა იყოს ექსპერტიზის დასკვნა, ვერ გავიგე. არ ვიცი, რატომ არ უყენებენ ბრალს ექიმს, ვიოლეტას, - ამბობს მეგი ბაქრაძის ქმარი.

მედდის გარდაცვალებიდან უკვე ათი კვირაა გასული, თუმცა ამ დრომდე საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა. ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი, აცხადებს, რომ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, გარკვეულ პირთა ბრალის დამძიმება უნდა მოხდეს.

შევათანხმეთ რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვის , აუცილებელია, ბრალი დამძიმდეს სამედიცინო დასკვნის გაყალბების მიმართულებით და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური ინფორმირებულნი იყვნენ მეგის მდგომარეობის შესახებ, ანუ მათ ნახეს და იცოდნენ, რომ მეგი ცუდად იყო და მიატოვეს, რაც ქმნის ბრალის დამძიმების საფუძველს.

  10 კვირაა გასული, ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, ამასობაში ახალციხის კლინიკა იმედში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ეს კი სრულიად გაუგონარია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისი ბრალეულობით მოხდა, რა იყო რეალური მიზეზი, გარდაცვალების. - აცხადებს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი

ოჯახი ითხოვს, რომ ბრალი წარედგინოს ახალციხის კლინისის მთავარ რეანიმატოლოგს, გიორგი აფციაურს, რომელიც როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, კლინიკაში არ იმყოფებოდა. 

ახლა საქმეს 3 ბრალდებული ჰყავს. ვიოლეტა ინასარიძე, ბექა ლიპარტელიანი და თეა გზირიშვილს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, ისინი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, 

მეგი ბაქრაძის პროცესი ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე არ განახლდება.