კარვების ქალაქი პარლამენტთან - აქტივისტები ბრძოლას ქუჩაში აგრძელებენ

08.06.21 11:14
კარვების ქალაქი პარლამენტთან - აქტივისტები ბრძოლას ქუჩაში აგრძელებენ

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ და კარვების ქალაქის დაშლას არ აპირებენ. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება და ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

კარვები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ქუჩაში უნდა ყოფილიყო ბრძოლა და ქუჩის პროტესტის პარალელურად უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებები და მივიღებდით აუცილებლად ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურმა აქტორმა გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა ნაადრევად, ეს არის ცუდი და ვიმკით ამის შედეგს დღეს", - ამბობს ნიკა ნარსია. 

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და ბრძოლას ქუჩაში აგრძელებს. 

კარვების ქალაქი იქნება, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, კარვების ქალაქი იქნება, სანამ არ გაეცემა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის კითხვას პასუხი, სანამ არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ყველაფერს გავაკეთებ პარალელურად რომ გარეთ იყოს ის ბრძოლა, როგორც საჭიროა", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.