ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები გაურკვევლობაში არიან - როდის შესრულდება ფრენები?
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ომის ზონიდან გამოღწევას ცდილობენ, თელავივის აეროპორტში სრულ გაურკვევლობაში არიან. მიზეზი აირზენას მიერ გაუქმებული ფრენებია. ავიაკომპანიას რეისი თბილისის დროით 13 საათსა და 15 წუთზე უნდა შეესრულებინა, თუმცა ფრენა მოულოდნელად გაუქმდა. არადა, ომის ეპიცენტრში ჩარჩენილებმა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები გაოთხმაგებულ ფასად იყიდეს.
ფრენების გაუქმების მიზეზებზე კომპანია განმარტებას არ აკეთებს. "პირველები" მიზეზის დასადგენად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არც იქ ჰქონდათ.
13:15-ზე უნდა მოფრენილიყო „ჯორჯიან ეარვეისი“, გაუქმებულია ეს რეისი. ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ყველა დანარჩენ საკითხზე უნდა დაუკავშირდეთ „ჯორჯიან ეარვეისს“, - ამბობენ თბილისის აეროპორტში.
საქართველოს ელჩი ისრაელში ამბობს, რომ 11 ოქტომბერს "აირზენამ" მთავრობასთან მოლაპარაკებით თელავივიდან საქართველოს მიმართულებით რეისი ჩანიშნა, თუმცა ბილეთები 15 წუთში გაიყიდა. დიპლომატის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა 12 ოქტომბერს კიდევ ერთი რეისი ჩაინიშნოს.
საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით კომპანია „აირზენასთან“ 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ 12 ოქტომბრისთვის. მიაქციონ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, ვისაც სურვილი აქვს ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების, ბილეთების გაყიდვებს. ინტერნეტით იქნება ბილეთების გაყიდვა, - ამბობს ლაშა ჟვანია.