12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება - უფლებები საქართველო
12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება - ფაქტის შესახებ ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" საუბრობს.
"უფლებები საქართველოს" იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.
აღნიშნულზე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტით მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "უფლებები საქართველომ" 5 ივლისს განაცხადა, რომ 12 წლის გოგოს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული იყო, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.