პირველი ინტერვიუები ომის ეპიცენტრიდან ჩამოსულ ქართველებთან
პირველი ინტერვიუები ომის ეპიცენტრიდან ჩამოსულ ქართველებთან - ისრაელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ბევრია ისეთი, ვინც ქვეყანაში ჩამოსვლა გაძვირებული ბილეთების გამო ვერ შეძლო ან უკან დაბრუნებას ბილეთების დეფიციტის გამო ვერ ახერხებს.
ბევრი დარჩა და უნდათ წამოსვლა. ზოგმა მოახერხა, ზოგმა ვერ მოახერხა. აეროპორტში იყო ერთი ოჯახი, ადგილებს კითხულობდა, მაგრამ უარი უთხრეს, არ იყო ადგილი და ვერ გამოფრინდნენ. არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მარტო ქართველები არ მოდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი რამ ხდება. არავინ არასდროს არსად არ გაქცეულა მაგ ქვეყნიდან". -ამბობს საქართველოში ჩამოსული საქართველოს მოქალაქე.
"პირველებს" რესპონდენტები ეუბნებიან, რომ ფრენა ასეთ დროს გაძვირების ნაცვლად უნდა გაეიაფებინათ.
ნამდვილად ძალიან ძვირია ბილეთები, რაც არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩემი აზრით, პირიქით უნდა გაეიაფებინათ. რთულია ძალიან. რახან ემიგრანტები არიან, ფული აქვთ და იყიდიან, ეგრე არ არის". - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს სპეცრეისები.
ძალიან ბევრს უნდა წამოსვლა მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, ძალიან ძვირია ბილეთები. ერთის მოვისმინე, 4 შვილის დედა ვარ, პატარები მყავს, არ მაქვს საშუალება და ვერ მივდივარო. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ჩარტერი" .- ამბობს ისრაელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე.
ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა ჩარტერულ რეისს ისრაელში არ ნიშნავს. საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ომის ეპიცენტრში დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ჩარტერის აუცილებლობა არ არსებობს. არადა მეხუთე დღეა ქართველი ემიგრანტები ბილეთების დეფიციტზე საუბრობენ და ამბობენ რომ უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.