სასტიკად მოკლული 14 წლის გოგოს დედა და ბიძა განსასჯელის სკამზე - რას გადაწყვეტს სასამართლო

11.10.23 20:31
სასტიკად მოკლული 14 წლის გოგოს დედა და ბიძა განსასჯელის სკამზე - რას გადაწყვეტს სასამართლო

 

ამ წუთებში, განსასჯელის სკამზე ზის სასტიკად მოკლული 14 წლის გოგოს დედა.  პროკურატურამ ქალს ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დედამ, აითაჯ  შახმაროვას კახეთში გატაცებისა და ტყვეობაში ყოფნის ამბავი იცოდა, მაგრამ პოლიციას არაფერი უთხრა. ბრალდებულია აითაჯის ბიძაც. სასამართლომ ცოტა ხანში უნდა გადაწყვიტოს მათ ციხეში უშვებს თუ გირაოთი ათავისუფლებს. 

გოგონას სასტიკი მკვლელობიდან ხუთი დღის თავზე შემზარავი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ 14 წლის აითაჯმა, რომელიც ქორწინების მიზნით გაიტაცეს ტყვეობიდან გაქცევა შეძლო, უცხო პირის ტელეფონით დედას  დაურეკა და შველა თხოვა, თუმცა დედა სკოლის მოსწავლეს იმ კაცთან თანაცხოვრებას აიძულებდა, რომელმაც საბოლოოდ 14 წლის გოგონა მოკლა. 

რუსთავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის დედას და ბიძას რამდენიმე წუთში მიიყვანენ.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ, როგორც გარდაცვლილი გოგონას დედის, ასევე ბიძის მიმართ მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე, დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში. ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშაულო წვრილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.

სასამართლოს არგუმენტაციაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპისთვის არ იყო ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების იმ ხარისხის საფრთხეები, რომ დედა დაგვეკავებინა. რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

რადგან ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე, დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განაცხადა პროკურორმა

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. 

 

მსგავსი სიახლეები