"ძლივს ვიშოვეთ ბილეთები, 2000 ლარამდეა ფასი" - რას ყვებიან ისრაელიდან ჩამოსული ქართველები
საომარი მოქმედებების ზონიდან ქართველები ჩამოვიდნენ. აირზენას თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტი ჩვენი თანამოქალაქეებით იყო სავსე.
ვისაც ბილეთის ფული ჰქონდა და ყიდვაც მოასწრო, ახლა საქართველოში არიან, თუმცა ამ მომენტშიც, ისრაელის აეროპორტებში საკუთარ რიგს სხვა ქართველები ელოდებიან.
ისრაელიდან დაბრუნებული ქართველის თქმით, ბილეთები საერთოდ აღარ არის და ამას ემატება ის, რომ ბილეთის ფასი 2000 ლარამდეა, რის გამოც კიდევ ბევრი ქართველი რჩება საომარი მოქმედებების ზონაში.
ძლივს ვიშოვეთ, თბილისიდან ვიყიდეთ ბილეთი. ბილეთები არ არის, ისრაელის ავიახაზებზე საერთოდ არ არის და ძალიან ძვირია, 2000 ლარამდეა ფასი, ძალიან დიდი თანხაა. ძალიან ბევრი (ქართველი) იყო, 5 მეტრში რომ დადიხარ ქართველები არიან. ჩემი შვილი დარჩა იქ თავის მეუღლესთან ერთად, უამრავი მეგობარი ჰყავს ბიჭები ოჯახებით არიან, უნდათ წამოსვლა და ბილეთს ვერ შოულობენ. სირიასთანაც მოაყენეს საზღვართან იმათმა ჯარები, მაგრამ დაბომბა ისრაელმა აეროდრომები სირიის. დღეს აპირებენ თვითონ ისრაელის არაბები რაღაცას და არ ვიცი", - ამბობს ისრაელიდან დაბრუნებული ქართველი.
ისრაელიდან ჩამოსული ემიგრანტის თქმით, ომი იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ ვერ გაიგეს. საღამოს კი სირენები ჩაირთო და ხალხი პანიკაში ჩავარდა.
ომი ისე უცბად დაიწყო არავინ არ ვიყავით მოლოდინში 18:30-ზე ჩაირთო სირენა და ხალხი ჩავვარდით პანიკაში. შვილებთან ერთად ჩამოვედი, მეუღლე დარჩა არ წამოსულა იმიტომ, რომ მშობლები ჰყავს. ამ წუთას დაიბომბა აშკელონი, 300 რაკეტა ისროლეს, რაც ამ წუთში ვიცი ეს არის, მეტი არაფერი", - ამბობს ისრაელიდან ჩამოსული ემიგრანტი.