"ტრი-ტრის" მეთოდი - ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ ტაქსის მძღოლი ქუჩაში სასტიკად სცემა
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ექსკლუზივი - ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის მიერ, გასულ კვირას სასტიკად ნაცემი და პრაქტიკულად სიკვდილის პირას მიყვანილი კაცი, წარმოუდგენელი ტერორის და ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, ყველაფრის კამერის წინ ჰყვება.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძამ, ზურაბ გონაშვილმა (კაკაშამ) დედოფლისწყაროს ცენტრში , მოქალაქე გიორგი ბექაური სასტიკად სცემა.
საუბარია, კაცზე, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახის მოურავს წლების წინ მისესხებული ფულის დაბრუნებას სთხოვდა.
ეს ისტორია ძალიან ჰგავს ბერას და ირაკლი ღარიბაშვილის თანამონაწილეობით დაგეგმილ შურისძიებების სერიას, როდესაც შეიარაღებული რაზმები თბილისში ადამიანებს სახლებში, საცემად და შესაშინებლად აკითხავდნენ.
ხელკეტით ნაცემი გიორგი ბექაურის ინტერვიუთი დგინდება, რომ ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელების ნაცვლად, ჯგუფურად ნაცემი კაცი დააკავა.
გიორგი, იგივე მურია ბექაური, დედოფლისწყაროში ტაქსის მძღოლად მუშაობს. წლების წინ ის ტრაილერზე მუშაობდა და საერთაშორისო გადაზიდვებზე იყო დასაქმებული. სწორედ ამ დროს ასესხა მან თანხა პრემიერის ბიძას. უკვე წლებია, ზურაბ გონაშვილი მოვალეს თანხას არ უბრუნებს. ახლა, როდესაც "კაკაშა" რეგიონის არაფორმალურ მმართველად და ერთ-ერთი მდიდარ ადამიანად იქცა, ბექაურმა ვალის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოსთხოვა, პასუხად კი ჯგუფური თავდასხმა მიიღო.
თავდასხმა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შემუშავებული მეთოდით, დიდი ალბათობით, ამ სათვალთვალო კამერებმაც გადაიღეს, თუმცა გამოძიება არც ამ კამერების ჩანაწერებით დაინტერესებულა. საგამოძიებო უწყების გულგრილობის ფაქტს, მარკეტებისა და სააფთიაქო ქსელის მენეჯერები ვერ უარყოფენ.
ირკვევა, რომ ბლაგვი საგნით შეიარაღებული პრემიერის ბიძა თავდასხმის მომენტში მარტო არ ყოფილა. 63 წლის ტაქსის მძღოლს სცემდნენ, "კაკაშას"დუქნის საძმოს წევრებიც.
დუქნის მფლობელი ცდილობს ახლა თავდასხმა კაცის წაქცევად მონათლოს. არადა არსებობს არაერთი თვითმხილველი რომელმაც ნახა, რომ პრემიერის ბიძამ ვალის მოთხოვნის გამო, ტაქსის მძღოლი სამაგალითოდ დასაჯა და დემონსტრაციულად, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას სცემა.
რატომ არ გამოჰკითხა პოლიციამ მოწმეები?! - ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პრემიერის მამა და ბიძა რაიონის არაფორმალური მმართველები არიან და ამიტომ პოლიცია ამ საქმეს არც გამოიძიებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პოლიცია ადგილზე იქამდე არ მივიდა, ვიდრე ზურაბ გონაშვილმა და მისმა ჯგუფმა განზრახვა სისრულეში არ მოიყვანეს, მარტო მყოფი 63 წლის კაცი არ სცემეს და ტერიტორია არ დატოვეს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი ნაცემი კაცი დააკავეს.
დაზარალებული არ გაჩუმდა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვდა პოლიციაშიც, თუმცა მოულოდნელად, სამართალდამცველებმა, ნაცემი გიორგი ბექაური, დედოფლისწყაროდან 60 კილომეტრის მოშორებით, ჩალაუბნის განყოფილებაში გადაიყვანეს, ბექაური აქაც შეუვალი იყო და ჯგუფური თავდასხმის მეთაურად და ორგანიზატორად, ზურაბ გონაშვილი დაასახელა.
თავდასხმიდან უკვე 10 დღე გავიდა, თუმცა პრემიერის ბიძა, ამ დრომდე, დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
ჩალაუბნის პოლიციაში სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დუმილის უფლებას იყენებენ. "შაბათის ეთერის" კამერით შეშინებული პოლიციის უფროსი სამსახურში უკანა კარიდან შევიდა.
პრემიერის მამის ბრძანების გარეშე, გაბედავდა თუ არა პოლიცია საქმის ჩაფარცხვას? დარეკა თუ არა პოლიციის უფროსთან ტარიელ ღარიბაშვილმა? პრემიერის მამა "შაბათის ეთერის" კითხვებს თავს გაქცევით შველის.
ამის შემდეგ, ტარიელ ღარიბაშვილს "შაბათის ეთერმა" საგვარეულო მამულებში მიაკითხა, რადგან საქმე ეხება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს და ამ დანაშაულის სავარაუდო მფარველობას.
როგორც კი ტარიელ ღარიბაშვილის საგვარეულო მამულიდან "შაბათის ეთერის" საჰაერო გადაღების კამერა შეამჩნიეს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით "ტვ პირველის" კუთვნილი დრონის ჩამოგდება სცადა.
დრონის პილოტმა მანევრირება მოასწრო და და აეროგადაღების კამერამ ტერიტორიაზე მუშობა, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მაინც გააგრძელა. ამ დროს მოხვდა ჩვენს კადრში პრემიერის მამის, სავარაუდოდ კიდევ ერთი ახალი ავტომობილი, რომელიც ახლადაშენებულ ავტოფარეხშია გაჩერებული.