კავშირი "ქურდებსა" და ხელისუფლებასთან - „ფარფურის“ დაწვის მცდელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება?!

09.06.21 13:40
კავშირი "ქურდებსა" და ხელისუფლებასთან - „ფარფურის“ დაწვის მცდელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება?!

ბათუმში მდებარე მარკეტების ქსელ „ფარფურის“ ორი ფილიალის გადაწვის მცდელობა სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

"ტვ პირველთან"  მარკეტების ქსელის მფლობელი, მერაბ ფარტენაძე, ალაპარაკდა და თქვა, რომ  შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მას  ემუქრებოდნენ. 

მერაბ ფარტენაძე ირწმუნება, რომ ქსელის დაწვის უკან, მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე დგას, რომელიც ფარტენაძეების მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია. 

მეტიც, ფარტენაძის მეუღლე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში კრიმინალური ავტორიტეტებიც არიან ჩართულნი. 

ჩვენთან მხოლოდ ერთი პიროვნებაა დაპირისპირებული - მურმან ჯინჭარაძე, რომელიც  დაკავებული ძმებ წულუკიძეების საქმესთანაა დაკავშირებული. მას გვერდს უმშვენებს ვინმე გოჩა ბარამიძე, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ეს უკანასკნელი დაახლოებულია შს მინისტრ გომელაურთან და სუს-ის ხელმძღვანელ ლილუაშვილთან. ეს მისგან მაქვს მოსმენილი. ისევე ის, რომ მას ვერავინ ვერაფერს უზამს და ვინც დაუპირისპირდება, ამ ხალხს ცუდ დღეს დააყრის.  როგორც ჩანს, ჩვენ ამ დაპირისპირებაში ცუდ მხარეს მოვყევით. გოჩა ბარამიძე პირდაპირ ამბობს, რომ მათ არა მარტო სამართალდამცავები, არამედ, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ ადამიანებიც იცავენ. საუბარია ვინმე "ენცო"-ზე.

​ჯინჭარაძეს ჩვენს მიმართ ძალიან დიდი დავალიანება აქვს და რომ არ მოვთხოვოთ ეს თანხა, დაგვიწვეს ერთი,  შემდეგ მეორე მაღაზია, დღეს გამთენიისას კიდევ ერთი ქსელი. სავარაუდოდ, სიცოცხლის ხელყოფაზე გადავლენ",- თამარ კახიძე. 

ლევან ფარტენაძე "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ მურმან ჯინჭარაძე მის დაჭერას პროვოკაციების მოწყობით არაერთხელ შეეცადა. მისივე მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა 50 000 ამერიკული დოლარიც კი გადაუხადა კონკრეტულ ქალს, რომ მისი დაკავება მომხდარიყო. 

ფარტენაძე ამ საქმეში "ქურდების ხელზე" საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მისი ყოფილი პარტნიორის მიზანია, "ფარფურის" წილები დათმოს. 

უნდათ, რომ მე ეს ქსელი დავთმო, რომელიც ჩემია. მურმან ჯინჭარაძეს ფართი ნაქირავები ჰქონდა, სადაც სამი თვის განმავლობაში მილიონნახევარი ივაჭრა და მოუნდა, ეს ფული წაიღოს"- აცხადებს ფარტენაძე. 

დღეს დილით ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მარკეტის დაწვა სცადეს. კადრებში, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, ჩანს, რომ ხანძარი სამმა ადამიანმა გამიზნულად გააჩინა.