სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლე მოიწამლა
სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლე მოიწამლა - მიზეზად „დონატში“ გადაჭარბებული ობის სოკოების რაოდენობა სახელდება
სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სკოლის ბუფეტში არაგეგმიური ინსპექტირება განხორციელდა.
"სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.
ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში). - წერია განცხადებაში.