შეთანხმება მიღწეულია - შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

10.06.21 10:26
შეთანხმება მიღწეულია - შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შუქრუთელმა მოშიმშილეებმა კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზთან"  შეთანხმებას მიაღწიეს და სახლებში ბრუნდებიან. აქციის მონაწილეებმა შიმშილობაც შეწყვიტეს. 

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას 110 დღის განმავლობაში მართავდნენ. ნაწილმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.  

პროტესტის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს უკვე თვეებია, ითხოვენ.  

ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათს სახლებს ზიანი მიადგა და იქ ცხოვრება შეუძლებელია. 

არსებული ინფორმაციით, ,,ჯორჯიან მანგანეზის" მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები საჯარო არ არის. 

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ,,ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო, სამხარაულის ბიუროსთვის მიენდო შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალის შეფასება და ზარალის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება.