სასტიკი მკვლელობა ლენტეხში - დაკავებულია გამგებლის ქმარი

10.06.21 11:03
სასტიკი მკვლელობა ლენტეხში - დაკავებულია გამგებლის ქმარი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ლენტეხში - "პირველების" ინფორმაციით, სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლის რეკეტისა და მკველელობის საქმეზე პოლიციამ გამგებლის ქმარი დააკავა.

სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულმა, ანა ჩანქსელიანმა, ქმრის დაკავების შესახებ ლენტეხის მერს, ბადრი ლიპარტელიანის, თავად აცნობა. 

უცნობია, რა მოტივით არის დაკავებული რწმუნებულის მეუღლე.

ბადრი ლიპარტელიანი კი "ტვ პირველთან" საუბრისას მომხდარ ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს. მისი თქმით, ყველა დაინტერესებულია, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. 

დაკავებულია ჩიხარეშის გამგებლის მეუღლე. დამირეკა ჩემმა რწმუნებულმა, ქალბატონმა ანამ და მითხრა, რომ მისი მეუღლე დააკავეს. რისთვის, ან რატომ დააკავეს, რა კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს ინფორმაცია არ მაქვს. 

რაც შეეხება მომხდარს, ლენტეხის რაიონში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მომხდარის გამო აღშფოთებულია მთელი რაიონი"- აცხადებს ბადრი ლიპარტელიანი. 

"პირველების" ინფორმაციით, გამგებლის ქმართან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

მძიმე დანაშაული სოფელ ჩიხარეშში გასულ კვირას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ფიზიკურად ორი პირი გაუსწორდა. დაპირისპირებიდან  რამდენიმე წუთში კი თავდამსხმელებმა სასტიკად ნაცემი მამაკაცი სასიკვდილო დაზინებებით შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და გაიქცნენ. სავარაუდოდ კონფლიქტიც ხარკის გადაუხდელობის გამო მოხდა.