მეუფე სპირიდონი თბილისშია - ნინოწმინდის პანსიონიდან მოზარდების გაყვანა გრძელდება

10.06.21 11:14
მეუფე სპირიდონი თბილისშია - ნინოწმინდის პანსიონიდან მოზარდების გაყვანა გრძელდება

მეუფე სპირიდონი თბილისშია. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის სკანდალური ამბების შემდეგ სასულიერო პირმა ეპარქია პირველად დატოვა. წმინდა სინოდის წევრი ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში, ამაღლების წირვაზე,  პატრიარქთან ერთად გამოჩნდა. 

რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, იქ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ პირობებს სპეციალური კომისია ამ დრომდე სწავლობს და მოზარდები ეტაპობრივად მინდობით აღზრდაში გადაჰყავს. პანსიონს დღეს კიდევ რამდენიმე მოზარდი დატოვებს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პანსიონში 27 ბავშვია დარჩენილი. 

როდის დატოვებენ დარჩენილი ბენეფიციარები პანსიონს, ჯერჯერობით უცნობია. არსებული იფორმაციით, ეს პროცესი შესაძლოა, კიდევ ერთი თვე გაიწელოს, რის შემდეგაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი სამუდამოდ დაიხურება.