მსვლელობა ონიდან ამბროლაურის მერიისკენ - რაჭველები 23-ე დღეა რაჭის ტყის გასხვისებას აპროტესტებენ
რაჭველები რაჭის ტყის გასხვისებას და პრორუსი ბიზნესმენისთვის მის გადაცემას აპროტესტებენ - ამ წუთებში, მსვლელობა მიმდინარეობს. "რიონის ხეობის მცველები" რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივებთან ერთად მიემართებიან ამბროლაური მერიასთან და შესაბამისად პროტესტი ამიერიდან ამბროლაურში, გამგეობის შენობასთან გადაინაცვლებს.
აქტივისტები ამბობენ, რომ ჯამში 104 712 ჰექტარია გასხვისებული. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ სურდათ საჯარო შეხვედრის გამართვა ხელისუფლების პირებთან, მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა. აქტივისტი ამბობს იმასაც, რომ პროტესტს გააგრძელებენ, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს, რაც ლიცენზიის გაუქმებას წარმოადგენს.
გადაცემულია 104 712 ჰექტარი. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა იმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულიყო საჯარო შეხვედრა ხელისუფლებასთან და შინაარსობრივად განგვეხილა ეს საკითხები, მაგრამ იმის გამო, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს პროცესი საჯარო იყოს საზოგადოებისთვის ანუ ჩაგვერთო ლაივი ამ შეხვედრაზე, შეხვედრა საბოლოო ჯამში ვერ შედგა ამის გამო ამიტომ, მოგვიწია, რომ გადმოვნაცვლებულიყავით კარვის ადგილზე და ისევ ამ ფორმით გავაგრძელოთ პროცესი, ჩვენთვისაც რთულია თავისდათავად იმიტომ, რომ არ ვიცით რა ფორმით უნდა დაუპირდაპირდეს საზოგადოება ყველაფერ ამას, რომ ცხადიც გავხადოთ ყველასთვის რაშია საქმე და თან მივაღწიოთ შედეგს ანუ ლიცენზიის გაუქმებას, ამიტომ ასეთ ფორმატში ვაგრძელებთ და დანარჩენს გვიჩვენებს უკვე საკითხის მიმდინარეობა, როგორ გაგრძელდება მიმდინარე პროცესი აქ", - ამბობს აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი.
ცნობისთვის, უკვე 23-ე დღეა ადგილობრივები უწყვეტ რეჟიმში ქუჩაში დგანან და მერთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს დილიდან ონის მერიასთან აქტივისტები გამოჩნდნენ, თუმცა მათ პოლიციის ათობით ეკიპაჟი დაახვედრეს.