ძალადობა ენმ-ზე ჭორვილაში - აქტივისტები "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ
სამოქალაქო აქტივისტები ჭორვილაში მომხდარ ძალადობას აფასებენ და ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. ნიკუშა ფარულავა პირდაპირ ამბობს, რომ აქტივისტებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, ხშირად უმიზეზოდ აკავებენ, ხოლო ისინი, ვინც "ოცნებას" უჭერს მხარს, იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
გვინახავს ისეთი დაკავებები, როდესაც უბრალოდ, სტიკერი კედელზე დროებით გაკვრის გამო აკავებენ, ხელს მოგტეხენ, დაგიზიანებენ და ა.შ. მათი კონტროლის ქვეშ არსებული აქტიური, აგრესიული, ექსტრემისტული ჯგუფები ყოველთვის სარგებლობენ იმუნიტეტით, იმიტომ, რომ ეს არის მათთის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი წყარო. მეორე, ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს საფეხმავლო გზაზე დგომის გამო აკავებდნენ აქციებზე. ეს არის სიგნალი იმისა, რომ "ვინც ჩვენათნ არის, მას არ შევეხებით", ისინი სარგებლობენ ყველანაირი ხელშეუხებლობით, ხოლო ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, კრიტიკული აზრი, ის აუცილებლად დაისჯება კანონიერი თუ უკანონო გზებით, - ამბობს ფარულავა.
გუშინ ჭორვილაში ჩასულ ენმ-ს წევრებს "ოცნების" აქტივისტები ქვების სროლით და მუშტებით გაუსწორდნენ. არ ინდობდნენ ჟურნალისტებსაც. "პირველების" ოპერატორს ნასროლი ქვა ფეხისა და თვალის არეში მოხვდა და და მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის მიზანი ოლიგარქის სახლთან მშვიდობიანად მისვლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება იყო. თუმცა ოლიგარქის მშობლიურ სოფელთან მისულ ნაციონალურ მოძრაობას ბლოკირებული გზა და მოძალადეების რაზმი დაახვედრეს.