ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია - დღეს საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქცია გაიმართება
აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ჯანმრთელობა ციხეში ბოლო დღეებია უკიდურესად დამძიმდა, თუმცა ის კლინიკაში არ გადაჰყავთ.
ოჯახი შველას და სახელმწიფოს მოქმედებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს აქცია თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან. ხელისუფლებას უკანონო პატიმრის ოჯახის წევრები მიმართავენ.
ბათუმში შეკრების ადგილი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია იქნება. ბებუას მხარდამჭერები აქ დედაქალაქის მსგავსად 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
მესამე აქცია ზუგდიდის ცენტრში - 16:00 საათზე დაიწყება, შეკრების ადგილი კი "სკეიტ პარკი" იქნება.
ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ღარიბაშვილის მთავრობას ირაკლი ბაბუას ციხიდან კლინიკაში გადაყვანისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოხუმთან მოლაპარაკებების დაწყების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
ეს არის სოლიდარობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. ირაკლის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ძალიან სჭირდება სახელმწიფოს და ადამიანების გვერდში დგომა. 19:00 საათზე, ეს სივრცე დაეთმობა მთლიანად ოჯახს. მხოლოდ ისინი გააკეთებენ განცხადებას. ორგანიზატორები ვთვლით, რომ ოჯახზე უკეთ სათქმელს ვერავინ იტყვის.
საქართველოს ხელისუფლება ატყუებს ოჯახს, ეუბნებიან რომ ყველაფერს აკეთებენ ირაკლის გამოსახსნელად, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ- ამბობს "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გელა ხასაია
ცნობისთვის, წინა კვირას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ახალგაზრდა მაშინ აიყვანეს, როცა მან 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა და სეპარატისტების დროშა დაწვა.