"მიდგომა უმკაცრესი იქნება" - აითაჯის მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს
14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს - რეზონანსულ საქმეზე კომენტარი მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
"პროკურატურის მიდგომა უმკაცრესი იქნება“ - ამბობს შოთაძე.
მსგავსი დანაშაული რომ მოხდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებამ ნახა, რომ ჩვენი რეაგირება უმკაცრესი იყო. ყველა პიროვნება, მათ შორის, თვით გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, მკვლელობის ფაქტზეც მიცემულები არიან პასუხისგებაში. დღესდღეობით, ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა თითოეული ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი იქნება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა და ვუთხრა ყველა მსხვერპლს, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა მათ გვერდზეა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.
აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.
ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.
თითოეულ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.