ახალი სკანდალი შსს-ში - დაკავებულია აგარის პოლიციის უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია აგარის პოლიციის უფროსი, სოსო გელაშვილი.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ჩხრეკა პოლიციის მაღალჩინოსნის სახლში ჩატარდა. "პირველებს" წყარო უყვება, რომ დაკავება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას უკავშირდება. ამასთან წყაროს ცნობით, შსს მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისაც ედავებიან.
ცნობისთვის, სოსო გელაშვილს აგარაში მცხოვრები 19 წლის ნიკა ოსაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. როგორც ის ყვებოდა, 17 დეკემბერს დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სცემეს - მისივე თქმით, გელაშვილი მის ცემაში პირადად მონაწილეობდა.
განახლება: შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავება გომელაურის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს"- წერს შსს.