მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

11.06.21 10:19
მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 4 ივნისს კვარიათში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა, მაშველებმა გარაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის წევრების მიერ იდენტიფიცრებულია. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია, კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება.
გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
კვარიათისკენ გავიდნენ მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება - დრონი.
რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია, -
ნათქვამია უწყების განცხადებაში.