ჰყავდა თუ არა აგარის პოლიციის შეფს თანამზრახველები? - გამოკითხვების სერია შიდა ქართლში

25.10.23 11:38
ჰყავდა თუ არა აგარის პოლიციის შეფს თანამზრახველები? - გამოკითხვების სერია შიდა ქართლში

გამოკითხვების სერია შიდა ქართლში - გომელაურის უწყებაში იმ პოლიციელებს ეძებენ, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული  ტვირთის გადმომატანინა სქემაში და რუს ჯარისკაცებთან უკანონო გარიგებაში იყვნენ შესულები.

ამ საქმეზე დაკავებული აგარის პოლიციის უფროსი კი წინასწარი  მოთავსების იზოლატორშია,სოსო გელაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საგამოძიებო მოქმედებები  უკვე დასრულდა იმ პოლიციის შენობაში, სადაც გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი დიდი ოდენობით  უაქციზო სიგარეტს იარაღთან ერთად  მალავდა  და შემდეგ სავარაუდოდ ყიდდა.

პოლიციელი წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. რაც შეეხება მის ადვოკატს, მან "პირველების" არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გუშინ დააკავეს. 

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.