ოკუპანტები ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში - ემზადება თუ არა პუტინი ახალი ტერიტორიების მიტაცებისთვის
რუსი ოკუპანტები ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში - ვრცელდება ვიდეო კადრები, როგორ გადმოკვეთეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი და როგორ ზვერავენ ტერიტორიას მლეთის ხეობიდან.
კადრები სოციალურ ქსელში 24 საათზე მეტია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით, არც სუს-ს, არც შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური განმარტება ფაქტთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ სადაზვერვო ჯგუფის წევრები, გუშინ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის საათებში შენიშნეს. რუსი ოკუპანტებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ჯგუფი ერთ-ერთმა მომლოცველმა შენიშნა. ისინი დრონებით ზომავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. საუბარია მლეთა-გუდაური-ყაზბეგის საავტომობილო მონაკვეთზე.
გუშინ დაახლოებით 2-4 საათისთვის მოხდა ეს ფაქტი. მოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ისე რომ ჩვენს დაცვის პოლიციას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ახორციელებდნენ დრონით გადაღებას და სხვადასხვა აპარატურით, რაც ჩვენ არ ვიცით, რაში შეიძლება იყოს გამოყენებული. გუდაურისკენ ასასვლელ გზას უღებდნენ და დრონიც მაგ მხარეს გაუშვეს. თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. უბრალო მოქალაქეებსაც ჩვეულებრივად ხვდებიან".- ამბობს პარტია "საქართველოსთვის" დუშეთის საკრებულოს წევრი, თორნიკე თათარაშვილი.
ინფორმაციას ადასტურებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებს დრონი და ზურგჩანთით ანტენიანი მოწყობილობა ჰქონდათ თან.
ეს მოქმედება ცხადყოფს იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმი არის გააქტიურებული და ჩვენ ეს შეგვიძლია განვიხილოთ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილად". - ამბობს დავით ქაცარავა.