ე.წ. კონტრაბანდისტი პოლიციელის საქმე - შსს-ს მაღალჩინოსანმა დაკავებისას კოლეგებს წინააღმდეგობა გაუწია
ე.წ. კონტრაბანდისტი პოლიციელის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ სოსო გელაშვილი კონტრაბანდულ სიგარეტს სამსახურებრივ ავტომობილშიც ინახავდა.
საქმის მასალების მიხედვით, აგარის პოლიციის შეფი მარნეულის გზაზე მაშინ დააკავეს, როცა ის ტვირთის განადგურებას ცდილობდა.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სოსო გელაშვილმა კოლეგებს წინააღმდეგობა გაუწია.
ამასთან, ოფიციალურად დადასტურდა ისიც, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელის ავტომობილიდან "კალაშნიკოვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 50-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს.
სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. 2 ეპიზოდში ედება ბრალი, ორივეში აღიარებს. უაქციზო საქონლის გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვა და მეორე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა" - ამბობს პროკურორი კონსტანტინე ცაცუა.
რაც შეეხება კონტრაბანდული ტვირთის წარმომავლობას, როგორც სოსო გელაშვილი ჩვენებაში წერს, ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ნამყოფი საერთოდ არ არის.
ბოლო ინფორმაციით, კონტრაბანდაში ბრალდებულმა პოლიციელმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც იოსებ გელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გუშინ დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.