ქალზე ძალადობაში მხილებული მოძალადე მოკრივე თავისუფალია - საქმე განსახილველად სააპელაციოში გადადის

26.10.23 12:38
ქალზე ძალადობაში მხილებული მოძალადე მოკრივე თავისუფალია - საქმე განსახილველად სააპელაციოში გადადის

ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივის, გიორგი ყუშიტაშვილის საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადადის.

პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ სავარაუდო მოძალადის გათავისუფლებას არ ეთანხმება, ამიტომ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.

ძალადობა გამოვლილი ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, როდესაც სავარაუდო მოძალადე გისოსებს მიღმა იმყოფებოდა თავს დაცულად გრძნობდა, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მოძალადის მოგზავნილი მფარველებისა, იგი ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს.

მარტო ვერ დავრჩები სახლში. როდესაც ის ციხეში იყო, თავს დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ გამოვიდა, არ შემიძლია მარტო დარჩენა, თავს დაუცველად ვგრძნობ. ადვოკატი ავიყვანე და ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო და დავამტკიცო ჩემი სიმართლე, არ მეშინია მისი მოგზავნილი ნაცნობების და მფარველების - აღნიშნა "პირველების" დაზარალებულმა.

ქალის ადვოკატი სავარაუდო მოძალადის გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაზარალებულს გარკვეული პირები სასამართლოში პოზიციის შეცვლისკენ და საჩივრის გამოტანისკენ მოუწოდებენ.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პირს გირაო შეეფარდა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გამომდინარე მასზე განხორციელებული ძალადობისა. მას აქვს გარკვეული მოლოდინი, რომ ეს ადამიანი მართლმსაჯულებას დაუსხლტება, რადგან მას ჰყავს მფარველები. ბევრი ადამიანი მიუთითებს ჩემნი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ მისთვის არ ექნება მნიშვნელობა, ეს ადამიანი იქნება თუ არა ციხეში და მისთვისვე იქნება უკეთესი, რომ არ შეიტანოს საჩივარი და შეცვალოს პოზიცია სასამართლოში - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ძალადობაში მხილებული გიორგი ყუშიტაშვილის პოზიციას, ის მედიასთან საუბარს თავს არიდებს, თუმცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს.