ჩამოშლილი ეკონომიკა და პოსტკოვიდური მდგომარეობა - ამ საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდა
პარლამენტი კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. ქვეყნის ჩამოშლილი ეკონომიკა, ლარის გაუფასურება და პოსტკოვიდური მდგომარეობა - ამ თემებზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდა.
ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე ,,მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება. მინისტრს განმარტებების გაკეთება დღეს იმ ბრალდებაზეც მოუწევს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას ეხება. სხდომაზე დასწრება აპირებს ოპოზიციაც, რომელიც მწვავე კითხვებს აანონსებს.
დღეს მთავრობისთვის მძიმე დღე ექნება. ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის მესვეური, არის სარკე. ჩახედავ ბიუჯეტში და დაინახავ ქვეყნის ეკონომიკური წარუმატებლობის საშინელ სურათს. მძიმე იქნება ფინანსთა მინისტრისთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ გაღატაკდა ქვეყანა. - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ფინანსთა მინისტრი ოპოზიციას ღირსეულ პასუხებს გასცემს. გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ერთადერთი, რა თემაზეც შესაძლოა, ოპოზიციის აპელირება მოხდეს, ეს არის კორუფცია.
დარწმუნებული ვარ, ფინასთა სამინისტროს სრული და ამომწურავი პასუხები ექნება. რაც შეეხება კორუფციას, ამ თემაზე საუბარი არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლითაც შეიძლება დაუპირისპირდნენ იმ საქმიანობას, რასაც ამ რთულ პერიოდში მთავრობის სტრუქტურები ეწევიან, რომ როგორმე გადაიფაროს მაგალითად ხელისუფლების მიღწევები - განაცხადა გია ვოლსკიმ.
,,ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილსაც, მიაჩნია, რომ ოპოზიცია კითხვების დასმისას კორუფციაზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ მისი აზრით, ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფცია მითია.
ის, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციაა, არის იგივე დონის ტყუილი, რა ტყუილითაც 7 თვის განმავლობში აჯანჯღარეს ქვეყანა გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.