ტურისტებზე ძალადობა - შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილი ახალი დანაშაულის ეპიცენტრი ხდება
შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილი ახალი დანაშაულის ეპიცენტრი ხდება. მთავრობამ წლების წინ მომხდარი დანაშაულის შემდეგადაც ვერაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ტურისტული ზონა დაცული ყოფილიყო. მთაწმინდაზე, სადაც ყოველდღიურად ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაადგილდება, ისევ ტურისტებზე ძალადობენ.
სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია. თუმცა, როგორც გაირკვა გასან გასანოვს გაუპატიურების მცდელობას და ძარცვას რუსი და კანადელი მოქალაქეები ედავებიან.
არსებული ცნობებით, ერთ შემთხვევაში 40 წლამდე მამაკაცმა ტურისტზე სექსუალური ძალადობა მთაწმინდაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სცადა, საიდანაც მოხდა მისი აყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს სავარაუდო დამნაშავემ მობილური ტელეფონი წაართვა და ფიზიკურ ძალადობაზე, გადავიდა. ასევე ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობასაც.
შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.