გამოკითხვების სერია საქალაქო სასამართლოში - "ტრენინგების საქმეზე" თინა ლაღიძეს კითხავენ

27.10.23 15:48
გამოკითხვების სერია საქალაქო სასამართლოში - "ტრენინგების საქმეზე" თინა ლაღიძეს კითხავენ

საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია გრძელდება. მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით ამ წუთებში კითხვებს თინა ლაღიძე პასუხობს. მსახიობს ე.წ. "ტრენინგების საქმეზე" კითხავენ. სუს-ს აინტერესებს რა ინფორმაცია მიიღო ლაღიძემ ევროპელი ტრენერებისგან. 

გამოკითხვაზე შესულებს ხელს გაუთქმელობის დოკუმენტზე აწერინებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარეთ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ხელოვანების სოლიდარობის ნიშნად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ.

ადვოკატის თქმით, საქმე არის პროპაგანდისტული, რა პირობებშიც უფლებადამცველებს არ აქვთ უფლება, რომ ისაუბრონ საქმის დეტალებზე.

რეალურად ეს საქმე არ არის არანაირად სამართლებრივი შინაარსის, ეს არის პროპაგანდისტული საქმე რა პირობებშიც ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ საქმის დეტალებზე, მაშინ, როდესაც სუს-ი ყოველკვირა აწყობს ბრიფინგებს და ამბობს ბრალდებებს ჩემი დაცვისქვეშმყოფების მიმართ, რაც უთანასწორო მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ამ საკითხზე ვითხოვთ პროკურატურას, რომ მოხსნან გრიფის საიდუმლო ამ საქმეს და მაქსიმალურად მოგვეცეს შესაძლებლობა გავაკეთოთ კომენტარები უშუალოდ დასმულ შეკითხვებზე და გაცემულ პასუხებზე", - ამბობს ადვოკატი. 

სოლიდარობის ნიშნად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მცდელობები არის მიზანმიმართული, რომ ხალხი „გააშავონ“, რომლებიც თავის პროფესიულ ღირსება იცავენ.

ეს არის აბსურდული ბრალდებები, თუმცა პროცესი ვფიქრობ, რომ ძალია სახიფათოა, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, გააშავონ ადამიანები, რომლებიც დღეს იცავენ თავის პროფესიულ ღირსებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმ პროცესის, იმ მავნებლური პროცესის გადასაფარად, რომელიც მიმდინარეობს დღეს კულტურის სფეროში. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან.