პოლიციელების სავარაუდო ძალადობის საქმე - მოსამართლემ ნაცემ 21 წლის ბიჭს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პოლიციელების სავარაუდო ძალადობის საქმე - მოსამართლემ ნაცემ 21 წლის ბიჭს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ლაშა ჟღენტის ოჯახი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ნაცემი ბიჭის ძმამ დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა. თავად ლაშა ჟღენტს სასამართლოს იმედი არ ჰქონდა და ამბობდა, რომ უწყება, სავარაუდოდ, პოლიციელებს დაუჯერებს.
დღეს უნდა დაიკითხოს ჩემი ძმა, რომელიც ჩემი დაკავების პროცესს შეესწრო და ყველაფერ სიმართლეს იტყვის, რაც მოხდა იქ და არა იმ სისულელეებს, რაც პოლიციელებმა ისაუბრეს. მოლოდინები არც ისე კარგი მაქვს. არაფერს კარგს არ იძახიან. პოლიციელის სიტყვა იქნება ჩვენს სიტყვაზე და ჩემი აზრით, უფრო პოლიციელებს დაუჯერებენ". - ამბობს ლაშა ჟღენტი.
21 წლის ბიჭი ამტკიცებს, რომ ვერის პოლიციის ოთხმა მაღალჩინოსანმა ბებიის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. უკვე თვეებია ეჭვმიტანილი სამართალდამცველები ხელშეუხებლები არიან. მეტიც, ახლა ჟღენტების ოჯახს უწევს იმის მტკიცება, რომ ბიჭი სამართალდამცველების აგრესიისგან თავს იცავდა და სწორედ ამის გამო უწევდა მათ წინააღმდეგობას.