"მოვიძიე ახალი მტკიცებულებები" - უახლესი დეტალები ქალის ცემაში ბრალდებული მოკრივის საქმეში
ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება - ძალადობა გამოვლილი ქალის ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ყუშიტაშვილის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოჩნდა.
დაზარალებული ქალი "პირველებთან" ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი გუშინ ხელახალ გამოკითხვაზე განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
გამახსენდა ახალი დეტალები, მოვიძიე ახალი მტკიცებულებები და გუშინ ვიყავი ჩემს ადვოკატთან ერთად განყოფილებაში, წარვადგინე ეს ყველაფერი გამომძიებელთან. მაქვს ინფორმაცია, რომ ამოიღებენ 112-ის ზარებს, როგორ ვეუბნები გიორგის, რომ არ მომეკაროს, თორემ ელექტროშოკს გამოვიყენებ, როგორ ვთხოვ 112-ის ოპერატორს, რომ მალე მოახდინონ რეაგირება, რადგან კართან მელოდება და როგორც კი გავთიშავდი, ზუსტად ვიცოდი, რომ რამეს დამიშავებდა - აღნიშნა დაზარალებულმა.
ქალის ადვოკატი სავარაუდო მოძალადის განვლილ სამართლებრივ ცხოვრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოკრივე მამაკაცი წარსულში გარკვეული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისთვის იყო ნასამართლევი.
მოხდა დაზარალებულის ხელახალი გამოკითხვა. კონკრეტული დეტალები დააზუსტეს, რომელიც მათ შორის, ეხება იმ მტკიცებულებებს, რომელიც დაზარალებულს აქვს. მიმავლის საფრთხეზე აპელირება, შემდგომში დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამას დამატებული ბრალდებულის პიროვნება, რომელიც არის მარიხუანას აქტიური მომხმარებელი და წარსულში იყო გარკვეული ძალადობრივი ქმედებისთვის ნასამართლევი. ვფიქრობ, რომ ერთობლიობაში უნდა იყოს იმისი საფუძველი, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება, გირაო პატიმრობით - განაცხადა ადვოკატმა.
"პირველების" ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულს კრივის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და სარჩელის გამოტანა სთხოვეს.
პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ სავარაუდო მოძალადის გათავისუფლებას არ ეთანხმება, ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.