უკნიდან მომეპარა, ხუთი კაცი იჭერდა - ხელჩართული ჩხუბი ცესკო-ში
ჩხუბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - პარტიის, „შეცვალე საქართველო“, ლიდერი ამტკიცებს, რომ ცესკო-ს წარმომადგენლები მას ცემას უპირებდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე სარჩევნო ცვლილებების განხილვის დროს მივიდა. თამარ ჟვანიას თანამშროლები გიორგი გაგნიძეს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ცესკო ,,სამარცხვინო დაწესებულებად" მოიხსენია. ცესკო-ს თანამშროლები პოლიტიკოსს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი მისი ცემა სცადეს.
ერთ-ერთ სიტყვას ჩაეჭიდნენ, რომ ვინ არის „სამარცხვინოო“? მე ვუთხარი, სამარცხვინო შენობაში ვდგავარ და ნულ ადგილზეა ეს დაწესებულება-მეთქი და ამას მოჰყვა, ?ვინ არის სამარცხვინო“?, „მოდი, აქ ,ბიჭო!“ უკნიდან მომეპარა ეს ადამიანი, მარჯვენა მხრიდან ვიღაც ადამიანი იწეოდა ჩემზე და მე რომ ვკითხე სამჯერ, ვინ ხარ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარო და ბოლოს თქვა, რომ ცესკო-ს თანამშრომელი ვარო და მე ვუთხარი, ხომ ხედავ, გრცხვენია შენი სამსახურის, სადაც მუშაობ-თქო. ამ ფაქტის შემდეგ უკვე ის უკნიდან მეპარება, იმას იჭერს ხუთი კაცი, მე მთხოვეს, რომ გავიდე და იქიდან მესმის გინება, - ამბობს გაგნიძე.
ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. გუშინდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი ცესკო-ს თანამშრომლების ქმედებას გაუგონარს და აღმაშფოთებელს უწოდებენ.
ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო-ს განმარტებები არ გაუკეთებია.