ღარიბაშვილის თქმით, რიკოთის მაგისტრალზე გრანდიოზული სამუშაოები გასწიეს

28.10.23 14:29
ღარიბაშვილის თქმით, რიკოთის მაგისტრალზე გრანდიოზული სამუშაოები გასწიეს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი მასშტაბის და სირთულის პროექტი ჩვენი ქვეყნის რეალობაში არასდროს არ განხორციელებულა და ამისთვის გრანდიოზული სამუშაოები გასწიეს.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე, პრემიერმა თქვა, რომ  ახალი გზის გახსნა საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს გადაადგილების პროცესს გაუადვილებთ.

ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, ყველას, ვინც ისარგებლებს ამ გზით. ასევე გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კილომეტრი, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, გადაწყვეტის თვალსაზრისით ასეთი სირთულის პროექტი არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ოცნების" ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი სწორედ მმართველი გუნდის მიერ არის აშენებული.