ექსკლუზივი: პატრიარქის ყოფილი დაცვა ადამიანების გატაცებასა და წამებაშია ბრალდებული

28.10.23 21:36
ექსკლუზივი: პატრიარქის ყოფილი დაცვა ადამიანების გატაცებასა და წამებაშია ბრალდებული

უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით განსასჯელის სკამზე  პატრიარქის ყოფილი მცველი ზის. ადამიანი, ვისაც წლების განმავლობაში ილია მეორეს სიცოცხლე ჰქონდა ჩაბარებული, გატაცებასა და წამებაშია ბრალდებული. ლადიკო ჩოჩიშვილს ამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს.
 
პატრიარქის ყოფილი  მცველი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა უმძიმესი საქმის დეტალები „შაბათის  ესთერმა“ გაარკვია.  ლადიკო ჩოჩიშვილს აზერბაიჯანელი  ცოლ- ქმრის რაშიდ კაზიმოვის და რუსანა კაზიმოვას  გატაცებას და დიდი ფულის გამოძალვის მცდელობას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ცემის გარდა ჩოჩიშვილმა წყვილზე ზემოქმედებისთვის მათი არასრულწლოვანი შვილებიც გამოიყენა. 

ყველაფერი 2023 წლის 16 ოქტომბერს  დაიწყო, როცა გამოძიების მტკიცებით, ჩოჩიშვილის ახლო გარემოცვის 5 წევრი თბილისში, ჭყონდიდლის ქუჩაზე მდებარე სახლში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარი გაკოჭეს. გამოკითხვის ოქმში ბინაში განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულები დეტალურად აღწერენ და ამბობენ, რომ თავდასხმების ბანდამ მათ მიმართ  ძალადობის სასტიკი მეთოდები გამოიყენა. დაღამებისთანავე კი ლადო ჩოჩიშვილის საძმომ მათი ინფორმაციით,  კაზიმოვებს თვალები ნაჭრით აუხვიეს და ბაზალეთის მიმართულებით წაიყვანეს.  

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პატრიარქის ყოფილი მცველი უცხოელ ბიზნესმენებს სამი დღის განმავლობაში  თვალებახვეულებს და დაბმულებს  კონსპირაციულ სახლში გადაადგილების უფლებასაც კი  უზღუდავდა. ჩოჩიშვილი კაზიმოვებს ეუბნებოდა, რომ ვალი ჰქონდათ გადასახდელი და ვიდრე ფულს არ მიიტანდნენ, მათი სიცოცხლისთვის წამმზომი იყო ჩართული. 

როგორც ჩანს, აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი ფულის გადახდაზე უარს ამბობდა ამიტომ პატრიარქის ყოფილი  მცველი  და მისმა დაჯგუფებამ ფიზიკური ძალადობით რომ ვერაფერს გახდნენ  გატაცებულ ცოლ-ქმარზე  ზეწოლის ახლი სერია დაგეგმეს და  ბაზალეთზე გატაცებული წყვილის  მცირეწლოვანი შვილებიც ჩაიყვანეს. ერთ-ერთი, ვინც ბავშვები თბილისიდან ბაზალეთის კონსპირაციულ სახლში ჩაიყვანა ბიზნესმენი შმაგი ნაკანი იყო - ის ახლა ციხეში  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზის.

ლადო ჩოჩიშვილის ადვოკატი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ პატრიარქის  პირად მცველს აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი შმაგი ნაკნმა გააცნო, რომელიც კაზიმოვთან ერთად  კრიპტოვალუტის ბიზნესის აწყობას გეგმავდა. ამ დროს კაზიმოვს პრობლემები ჰქონდა, ამიტომ თავდაპირველად ლადო ჩოჩიშვილი და მისი გარემოცვა მის უსაფრთხოებას იცავდა.

აზერბაიჯანელი ბიზნესმენის და ჩოჩიშვილის  ურთიერთობა გაღრმავდა, ადვოკატის განცხადებით,  პატრიარქის ყოფილმა მცველმა მის ახალ ბოსს კრიპტოვალუტის ბიზნესში  შეყვანას სთხოვდა და ფულიც მისცა ბიზნესში ჩასადებად. 

ამ ფულის გამო დაწყებული დაპირება გახდა   სავარაუდოდ  ცოლ-ქმრის გატაცების და წამების მოტივი.  "შაბათის ეთერთან" პროკურორი ადასტურებს რომ სამ დღიანი წამების შემდეგ ლადო ჩოჩიშვილმა დაზარალებულები ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც როშან კაზიმოვმა კონკრეტული თანხა ერთ-ერთ ანგარიშზე გადარიცხა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა პოლიციას მიამართა, რასაც ლადო ჩოჩიშვილის ჯერ გამოკითხვა, შემდეგ კი დაკავება მოყვა. პოლიციაში მისულმა კაზიმოვებმა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჩვენებაში მოქმედი პოლიციელიც დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბიტკოინების ბიზნესით იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ვერსიით, მათი გატაცების ორგანიზებაშიც  იყო ჩართული. ამ ფაქტს პროკურორი არ ადასტურებს, თუმცა ამბობს რომ წამების სხვა ფიგურანტებს ამ დრომდე ეძებენ.

პატრიარქის მცველის კრიმინალური ისტორია - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი