თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო
თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ აქტივობების მონიტორინგმა ცხადყო, რომ პრორუსულ დაჯგუფებას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
ირკვევა, რომ ალტ ინფომ შეხვედრა 1 ოქტომბერს ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ „თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77,309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას.
DRI- ის ცნობით, თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა „ანტიმაიდნის“ მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ პრორუსული დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით არის ლოიალური. „ერთი მხრივ, შსს „ანტიმაიდანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი”, – წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.
DRI მოუწოდებს ხელისუფლებას: შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, თქვას უარი ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე, ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები.