ქურდული გარჩევა თბილისში - სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

12.06.21 11:17
ქურდული გარჩევა თბილისში - სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეზე დაკავებული 13 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 13-ვე პირი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით ბრალეულობა არ დასტურდება.

გამოძიება დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობას,მხარდაჭერას და ე.წ. ქურდულ გარჩევაში მონაწილეობას ედავება.

გიორგი დალაქიშვილმა ქურდებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გაყიდული ტრაქტორების თანხა ვერ ამოიღო. საუბარია სულ 150 000 ლარზე.

საქმის მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზნესპარტნიორებმა ფული ვერ გაიყვეს, დახმარება ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, საზღვარგარეთ მყოფ ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს", სთხოვეს. ქურდის ვაჟმა, მევლუდ მახარობლიძემ, კი მამის დავალებით, მისი საცხოვრებლის მახლობლად, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა. 

ქურდული სამყაროს წევრობისა და მასთან კავშირის ბრალდებით სულ 13 პირია დაკავებული. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ესპანეთში მყოფ  კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, მისთვის წაყენებული ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული ქართულმა მხარემ "გლეხოვიჩის" ექსტრადირება მოითხოვოს. 

 

 

მსგავსი სიახლეები