რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გომელაურის უწყებამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაარბია - HRC- დასკვნა მარტის აქციებზე

01.11.23 10:50
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გომელაურის უწყებამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაარბია - HRC- დასკვნა მარტის აქციებზე

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გომელაურის უწყებამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაარბია - ანგარიშს მარტის აქციებზე "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქვეყნებს.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. სპეციალური საშუალებების გამოყენება კი მშვიდობიან აქციაზე ისე დაიწყეს, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს და კონკრეტული სამართალდამცველების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. 

მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა, დაახლოებით, 20:00 საათისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი,  ამ დროისათვის, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 10 000 აჭარბებდა.

"დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის გაზი და დაიწყო შეკრების მონაწილეთა დაშლა, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ერთი სპეციალური საშუალების - წყლის ჭავლის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც, აქციის მონაწილეები პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ - ისეთ ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, რაც განმეორდა მომდევნო დღესაც", - წერია ანგაირსში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 8 მარის აქცია, "თავისი ბუნებით" იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ ძალადობრივი განზრახვა. 

"მიუხედავად ამისა, პოლიციამ მის დასაშლელად გამოიყენა სპეციალური საშუალებები -  წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი - როგორც 8 მარტს, ისე შუაღამის შემდეგ - 9 მარტს. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პოლიციელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის გაზს. ასევე, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია წყლის ჭავლში ურევდა წიწაკის გაზს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ქმნის ადამიანთა მიზანმიმართული დაზიანების საფრთხეს", - აღნიშნავს HRC.

მივმართავთ რეკომენდაციით:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან,  დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.  

საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

  • სრულყოფილად გამოიძიოს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ასეთი ქმედების ფარგლების შესახებ გაცემული ბრძანების კანონიერება.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას და გაუმართლებლად არ ჩაერიოს ამ უფლებით დაცულ სფეროში;