ბიზნესის წილი ქურდულ საერთოში - შაბათის ეთერის სკანდალური დოკუმენტები

12.06.21 20:35
ბიზნესის წილი ქურდულ საერთოში - შაბათის ეთერის სკანდალური დოკუმენტები

საქართველოში ბიზნეს დავებს ქურდები აგვარებენ. შსს-ს თანამშრომლები ოფიციალურ წერილებში საუბრობენ, რომ საქართველოში ბიზნესს კრიმინალური ავტორიტეტები არეკეტებენ და კომპანიის მფლობელებს ქურდულ საერთოში გადარიცხვას აიძულებენ.

ტვ პირველმა შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი  დეტექტივის პატაკი მოიპოვა.წერილის ავტორი დეპარტამენტის უფროსს აცნობებს, რომ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენები გაიზარდა.

მიმოწერებით ირკვევა, რომ პოლიცია ასევე საქმის კურსშია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები რომლებიც ახალგაზრდებში ქურდული სამყაროს პოპულარიზაციას ეწევა. ესენი არიან ვიქტორ გოგუაძე და გიორგი მაისურაძე.

დგინდება ასევე იმ კანონიერი ქურდების ვინაობა, რომლებიც ბიზნესების შევიწროებით არის დაკავებული. ესენი არიან კახა ჯანგველაძე, იგივე, შალვოვიჩი, დავით ლომსაძე იგივე ჩიჩკე და ზაალ მახარობლიძე, იგივე გლეხოვიჩი. ტრაქტორების საქმის გარჩევა სწორედ მათი მეშვეობით მოხდა.

გაირკვა, რომ გიგა მჟავიას, რომელიც ტრაქტორების ბიზნესითაა დაკავებული, დავა ბიზნეს პარტნიორთან გიორგი დალაქიშვილთან მოუვიდა. წილების გაყოფა კრიმინალურ სამყაროს მიანდეს.ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა გიგა მჟავია გაამართლეს. მის ბიზნეს პარტნიორს დალაქიშვილს კი 25 ათასი ლარის ნაცვლას 80 ათასი ლარის მიტანა დააკისრეს.ამის შემდეგ მორიგი შეხვედრა 9 მაისს სოფელ დიღომში შედგა, აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ ქურდული გარჩევა სისხლიანი დაპირისპირებით გაგრძელდა, თუმცა პოლიციამ ვერაფერი გაიგო, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრის მონაწილეებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ზაალ მახარობლიძის იგივე, გლეხოვიჩის შვილი სწორედ ამ შეხვედრაზე დაჭრეს. სისხლიანი გარჩევის დანაშაული საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გაუხსნია და ფაქტი  არც უწყების ოფიციალურ განცხადებაში მოხვდა.

ქურდული სამყაროს წევრობისა და მასთან კავშირის ბრალდებით სულ 13 პირია დაკავებული. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ესპანეთში მყოფ  კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, მისთვის წაყენებული ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული ქართულმა მხარემ "გლეხოვიჩის" ექსტრადირება მოითხოვოს.