მომდევდნენ და მესროდნენ, მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ - დმანისის ყოფილი მერის კომენტარი
პოლიცია ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს ეძებს - ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი ტატუაშვილი კი დარწმუნებულია, რომ მას ჩასაფრება მოუწყვეს და დანაშაული წინასწარ იყო ორგანიზებული.
ტატუაშვილის თქმით, მისი მისამართით მინიმუმ 5-ჯერ გაისროლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პოლიციამ მომხდარი საკუთარი თვალით ნახა.
მისივე თქმით, შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი ავტომობილზე დამაგრებულმა კამერამ გადაიღო.
მოვდიოდი დმანისის მიმართულებით თბილისიდან და ჩემი ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. ჩემს სატრანსპორტო საშუალებას ესროლეს ხუთჯერ, დაეშვა საუბარი, გამოვედი სიტუაციიდან, სამართალდამცავი სტრუქტურები გზაზე შემხვდნენ და მანიპულაცია ჩაატარეს, ის მანქანა შეაჩერეს მერე მე მგონია მიიმალა მაინც და გაჩერდა მანქანა სადამდეც იარა. გზას მიხერგავს მანქანა და მერე ხდება ადევნება ისევ უკან, მერე მოვახერხე სიტუაციიდან გამოსვლა, მერე უკან მომდევდნენ და ისროდნენ"- ამბობს გიორგი ტატუაშვილი.
დმანისის ყოფილი მერი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს:
ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, ყოფილი მერი ვარ ოპოზიციიდან, ვიყრიდი კენჭს 2021 წელს. ესენი არიან ოცნების ზონდერები, რომლებიც მასეთ საქმიანობაში არიან ჩართულები. ზოგადად ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევები და არის გასული მასმედიაში 2020-შიც იყო. ვიდეორეგისტრატორზე მაქვს გადაღებული და იმედია იდენტიფიცირება მოხდება"- ამბობს პოლიტიკოსი.
შეიარაღებული თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე, დმანისის გზაზე მოხდა. გიორგი ტატუაშვილის მისამართით მომხდარი გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაა-ტარებას გულისხმობს.