ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაცია - როგორია კრწანისის ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა

13.06.21 11:05
ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაცია - როგორია კრწანისის ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა

 კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან, ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. ამის შესახებ "ნიუჰოსპიტალსის" რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე მხარგრძელმა, განაცხადა.

კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია", - ამბობს ალექსანდრე მხარგრძელი.

გუშინ, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ავარია "ნიუჰოსპიტალსის" ეზოში მოხდა, სატვირთო მანქანა დიდი სისწრაფით ტერიტორიაზე შევარდა და ადგილზე მყოფებს დაეჯახა.