სინოდის სხდომას პატრიარქი წარუძღვება
ყურადღების ცენტრშია საქართველოს საპატრიარქო, სადაც ზუსტად 12 საათზე სინოდის სხდომაა ჩანიშნული. მაღალი იერარქების შეკრება უკვე დაწყებულია. მეუფეების ნაწილი დანიშნულების ადგილას იმყოფებიან. განსახილველი საკითხები ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია.
"პირველების" ინფორმაციით, დღეს დიდი ალბათობით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის მოსაყდრისთვის, მეუფე შიოსთვის უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე იმსჯელებენ, რასაც მღვდელმთავართა ნაწილი, ჩვენი ინფორმაციით, ეწინააღმდეგება.
საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სხდომას პატრიარქი წარუძღვება. საბოლოოდ, სხდომის დასრულების შემდეგ, სწორედ პატრიარქის ხელმძღვანელობით გამოიცემა განჩინება, სადაც გაიწერება ის საკითხები, რაზეც სინოდი იმსჯელებს და ეცნობება საზოგადოებას.
მთავარი თემა აქ არის ის, რომ პატრიარქი იწვევს სინოდს და არა მეუფე შიო. თუ იწვევს, ეს ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია ყველა უნდა მოვიდეს, სადაც არ უნდა იყოს. სინოდის სხდომაზე არ დასწრება უნდა იყოს საპატიო მიზეზით განპირობებული. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ პატრიარქის მოწვევა მიიღეს და ჩათვალეს, რომ უნდა ჩამოვიდნენ". - ამბობს ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად მიმდინარე ომის საკითხს გამოეხმაურონ.
რაც შეეხება განსახილველ თემებს, ომი ისეთი თემა არის, რომ გლობალურია და ძალიან მასშტაბური და ყველას ეხება, ჩვენთან ახლოს მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამას გამოეხმაუროს სინოდი" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, წელს სინოდი მეორედ იკრიბება.