დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

02.11.23 11:55
დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

პოლიცია ამ დრომდე ვერ აკავებს დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელებს - გომელაურის უწყებაში ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები ის პირები, რომლებმაც გუშინ გიორგი ტატუაშვილის ავტომობილის მიმართულებით ხუთჯერ გაისროლეს.

დაზარალებული ტატუაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას განვითარებული მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა, დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტული პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე ორგანიზატორი ვინ იყო დადგება ქვეყანაში ის დრო, როდესაც დადგინდება ეს ყველაფერი. თავდასხმა იგივე ადამიანებმა განახორციელებს, რომლებმაც 2021 წლის 21 სექტემბერს განახორციელა ჩემს საარჩევნო შეხვედრაზე თავდასხმა. არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე არ შეჩერებულა და არ შეწყვეტილა ეს პროცესი - აღნიშნა გიორგი ტატუაშვილმა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. მიმალვაში მყოფ პირებს იარაღის უკანონო შეძენასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

დაზარალებული ტატუაშვილის დაკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დმანისის ყოფილი მერი დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.