ოკუპირებულ აფხაზეთში ერაყის მოქალაქეები დააკავეს - დაკავებულები ქართულ მხარეს გადმოსცეს

02.11.23 13:09
ოკუპირებულ აფხაზეთში ერაყის მოქალაქეები დააკავეს - დაკავებულები ქართულ მხარეს გადმოსცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "არაბი ლტოლვილები" დააკავეს, - ამის შესახებ ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბას ინფორმაციით, "არაბი ლტოლვილები" რუსეთის ე.წ სასაზღვრო პოლიციელებმა დააკავეს და ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით გადმოსცეს.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტში. ირაკლი ანთაძე განმარტავს, რომ დაკავებულები არაბი ლტოლვილები არ არიან და ისინი ერაყის მოქალაქეები არიან. ანთაძე ამბობს იმასაც, რომ ერაყის მოქალაქეები საქართველოში სრულიად ლეგალურად იმყოფებიან.

თქვენ როგორც იცით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს პერიოდულად კვეთენ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, შედეგად აღნიშნული პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდნენ", - ამბობს ირაკლი ანთაძე.