კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - ბრეგაძე

02.11.23 14:20
კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - ბრეგაძე

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული ყველა პატიმარი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ადასტურებს.

რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს, ასევე აღნიშნა, რომ ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

„სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, -წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს.