კლინიკიდან გაქცეულებმა თბილისიდან გაღწევა შეძლეს - ახალი დეტალები ხმაურიან საქმეზე

02.11.23 16:40
კლინიკიდან გაქცეულებმა თბილისიდან გაღწევა შეძლეს - ახალი დეტალები ხმაურიან საქმეზე

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების შესახებ იუსტიციის მინისტრმა ახალი დეტალები გააჟღერა - ირკვევა, რომ მსჯავრდადებულებმა გაქცევა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოახერხეს.

ბრეგაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს მისი თქმით, ყველა დეტალი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეტ დეტალებზე ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბრისგან შევიკავებ თავს. 

ეს დეტალები თუ ასე საინტერესოა, საკმაოდ მალე, პირვანდელი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი", - ამბობს ბრეგაძე. 

ირკვევა ისიც, რომ სამივე მათგანმა თბილისის დატოვება მოასწრო. იუსტიციის მინისტრის თქმით, 1 პატიმარი მალევე დააკავეს, ორს კი ხელბორკილები მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადეს.  

მინისტრი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატიმრები არასრულწლოვანები არიან. 

"სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი.

 ერთადერთი რაც შემიძლია ამ ფაქტზე გითხრათ, ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, ისინი თბილისთან ძალიან ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით", - თქვა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ  ბრალის დამტკიცების შემდეგ, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.