შეიარაღებული თავდასხმა ექს მერზე - ექსკლუზიური კადრები და ხელშეუხებელი სავარაუდო ეჭვმიტანილები
რატომ არ აკავებენ დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელებს? - ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებული არიან, მათ სახლებში ჩხრეკაც ჩატარდა, თუმცა დანაშაულიდან 24 საათის შემდეგაც დაკავებული არავინ არის. "პირველების" ხელშია თავდასხმის ექსკლუზიური კადრები. ვიდეორეგისტრატორით გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს, როგორ უღობავენ გზას შავი ფერის ავტომობილით გიორგი ტატუაშვილს. ის ცდილობს თავდამსხმელებისგან თავის დაღწევას რის შემდეგაც სამი გასროლის ხმა ისმის.
ეს კადრები უკვე მეორე დღეა გამოძიების ხელშია. თავად გიორგი ტატუაშვილიც პირდაპირ ასახელებს კონკრეტულ გვარებს, თუმცა სამართალდამცველები არ ჩქარობენ. ეს კი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ თავდამსხმელებს ხელს აფარებენ. ცნობილია, რომ ჩხრეკისას ერთ-ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს, მაგრამ არც ეს ფაქტი გახდა საკმარისი საფუძველი გამოძიებისთვის, რომ დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები დაეკავებინა.