გაქცეული მსჯავრდადებულები დააკავეს - ვინ დაეხმარა კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს თბილისიდან გასვლაში?

02.11.23 20:06
გაქცეული მსჯავრდადებულები დააკავეს - ვინ დაეხმარა კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს თბილისიდან გასვლაში?

 

ერთი არასრული  დღე  თავისუფლებაზე -  ბრეგაძის მოწოდების მიუხედავად გაქცეული პატიმრები საკუთარი ნებით არ დაბრუნდნენ. ისინი ციხეში იძულებით  შეაბრუნეს. ვიდრე გომელაური და ბრეგაძე დაკავების სპეცოპერაციას გეგმავდნენ, მსჯავრდადებულებმა თბილისის დატოვებაც  კი  მოასწრეს.   სამივე დედაქალაქიდან მოშორებით აიყვანეს. იუსტიციის მინისტრი  ამტკიცებს, რომ გაქცეულების  დაკავებას 24 საათზე გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა, თუმცა არ ამბობს, მაშინ რატომ არ აცნობეს საზოგადოებას ეს ამბავი უფრო ადრე. სამივე პატიმარი სასჯელს ქსნის ციხეში იხდიდა. 

ჩნდება ეჭვი, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ გეგმა შემუშავებული, როგორ უნდა  გაქცეულიყვნენ, მას შემდეგ რაც კვლევებზე კლინიკაში  გადაიყვანდნენ.  გეგმა განახორციელეს, ისე რომ  სისტემამ   ვერაფერი გაიგო. სად იყო დაშვებული შეცდომა, მინისტრს ამაზე საუბარი არ სურს. ვიცით მხოლოდ ის, რომ დაკავებულია ბადრაგის ერთი თანამშრომელი. "პირველებმა" კი დაადგინა, რომ გაქცეულ პატიმრებს შორის 21 წლის ნიკა თოიძეც იყო, რომელიც სასჯელს დაჭრის ფაქტზე იხდიდა. ახლა მას და კიდევ ორ მსჯავრდადებულს დამატებით რვაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.